რატომ უნდა იყოს ყველა თქვენი პაროლი უნიკალური

Illustration of a woman with many different shaped and coloured keys in front her.

ყველა თქვენს ანგარიშს უნდა ჰქონდეს უნიკალური პაროლი, რომელიც აქამდე არასდროს არ გამოგიყენებიათ. სულ რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პაროლი გქონდეთ, მას თუ სხვადასხვა ანგარიშისთვის გამოიყენებთ, ამით საკუთარ თავს დიდ საფრთხეში ჩაიგდებთ.

რა ხდება, როდესაც თქვენ ხელახლა იყენებთ იგივე პაროლს

ვთქვათ, რომ იყენებთ იგივე პაროლს თქვენი პირადი ელ. ფოსტის, Facebook-ისა და Instagram-ისთვის. თუ თქვენი ელ. ფოსტის პროვაიდერის უსაფრთხოებაში გარღვევა მოხდება (ეს კი იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ვაცნობიერებთ) და თქვენი ანგარიშის მონაცემებს მოიპარავენ, თაღლითები ეცდებიან გამოიყენონ მოპარული პაროლი და მისი ოდნავ შეცვლილი ვერსიები, რათა შეაღწიონ იმ ანგარიშებშიც, რომელიც სხვა საიტებზე გაქვთ. ანუ, გაგიტეხავენ ყველა ანგარიშს, სადაც ერთსა და იმავე პაროლს იყენებთ.

პაროლების ხელახლა გამოყენება ასევე ცუდი აზრია, რადგან, მილიონობით სხვა მომხმარებლის არ იყოს, თქვენც გექნებათ ანგარიშები, რომლებიც ადრე შექმენით და ახლა მათი არსებობა აღარც გახსოვთ. დიდი შანსია, რომ ამ ანგარიშებიდან ზოგი მაინც იყოს გატეხილი. თუ თაღლითს აქვს ამ ანგარიშებთან დაკავშირებული ელ. ფოსტის მისამართი, მისი მეშვეობით ყველა გატეხილ ანგარიშს მარტივად იპოვის. ასევე ადვილია ყველა ასეთი ანგარიშის “გაჟონილი” პაროლების მოპოვება. ასე რომ, თუ თქვენ იყენებთ იგივე პაროლს ან მის ოდნავ შეცვლილ ვერსიებს რამდენიმე ანგარიშისთვის, თაღლითს შეუძლია გატეხოს ისინი თქვენი ერთი დავიწყებული ანგარიშის პოვნით. ამას ეწოდება პაროლის ჩატენვა.

  • თუ გსურთ შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენი ელ. ფოსტის მისამართ(ებ) ი დაკავშირებული რომელიმე “გაჟონილ” ანგარიშთან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სერვისი. უბრალოდ ჩაწერეთ ელ. ფოსტის მისამართი საძიებო ველში და დააწკაპუნეთ „pwned?“ -ზე.
  • თუ ელ. ფოსტის მისამართმა “გაჟონა”, თქვენ მიიღებთ ყველა ონლაინ-სერვისის ჩამონათვალს, სადაც თქვენი ანგარიშის მონაცემები რაიმე სახით იყო კომპრომეტირებული. შედით თითოეულ ამ ანგარიშში და შეცვალეთ თქვენი პაროლები რაც შეიძლება მალე. ასევე განიხილეთ თქვენი მნიშვნელოვანი ანგარიშების დაცვა ორნაბიჯიანი ვერიფიკაციით. გახსოვდეთ, თქვენი პაროლები უნდა იყოს ძლიერი და უნიკალური. თუ ამ ანგარიშებიდან არცერთს აღარ იყენებთ, მაშინ დაფიქრდით მათ წაშლაზე.

შეიძლება იფიქროთ, რომ თქვენი თითოეული ანგარიშისთვის უნიკალური პაროლის ქონა – და მათ სიძლიერეზე ზრუნვა – მართლაც ცოტა ზედმეტია. რა დაიმახსოვრებს ყველა ამ პაროლს? თქვენ მხოლოდ ერთი ძლიერი პაროლის დამახსოვრება მოგეთხოვებათ. დანარჩენს თქვენს მაგიერ პაროლების მენეჯერი გააკეთებს.