დაიცავით თქვენი ციფრული საუბრების პრივატულობა

An illustration of two people inside the two phone screens conversing.

ციფრული საუბრები გახდა ჩვენი ყოველდღიური პირადი და პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ვურეკავთ მეგობრებსა და ოჯახს WhatsApp-ის, ან Skype-ის საშუალებით, ვესაუბრებით კლასელებს Facebook მესენჯერით და ვაგზავნით იმეილებს პირადი, სასწავლო, ან სამუშაო ანგარიშებიდან. გარდა ამისა, ვაგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ჩვენი მობილური ტელეფონებიდან და ვკამათობთ უცნობებთან ონლაინ ფორუმებზე.

ყველა ეს საუბარი გადის რთულ ინფრასტრუქტურაში, მრავალი როუტერის, სერვერისა და კაბელის ჩათვლით. სხვადასხვა ადამიანს, ან ორგანიზაციას – მოყვარული ჰაკერებისა და დახვეწილი ხელსაწყოებით აღჭურვილი ინტერნეტ პროვაიდერების ჩათვლით – შეუძლიათ, მიიღონ წვდომა ამ საუბრებზე. ციფრული კომუნიკაციის რომელ ტექნოლოგიასაც არ უნდა იყენებდეთ, აქ მოყვანილი ძირითადი რჩევები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ონლაინ საუბრების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

1. გამოიყენეთ ღია და დაშიფრული არხები

ბაზარზე ელ. ფოსტისა და შეტყობინებების მრავალი სერვისია, მაგრამ თქვენი საუბრების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას ყველა თანაბრად არ იცავს.

თუკი გსურთ, ვერავინ გაიგოს, რას უყვებით თქვენს თანამოსაუბრეს,გამოიყენეთ აპები და სერვისები, რომლებიც გთავაზობენ  ორმხრივ დაშიფვრას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენი ციფრული საუბრები გადის რთულ ინფრასტრუქტურაში და სანამ გაივლის, შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ხელში აღმოჩნდეს. თქვენი საუბრების დასაცავად არსებობს ერთადერთი საიმედო გზა: გამოიყენეთ სერვისები, რომლებიც შიფრავს (ანუ რთულ კოდად აქცევს) ყველაფერს, რაც ტოვებს თქვენს მოწყობილობას და არ გაშიფრავს მანამ, სანამ არ მივა ადრესატამდე. ვთქვათ, ვიღაცამ “დაიჭირა” დაშიფრული იმეილი, ან ზარი თქვენს მოწყობილობასა და მიმღებს შორის. ამ შემთხვევაში ის დაინახავს მხოლოდ უაზრო სიმბოლოების სერიას.

ასევე უმჯობესია, აირჩიოთ ღია წყაროებზე დაფუძნებული აპლიკაციები და არა კერძო კომერციული პროდუქტები. პროგრამულ უზრუნველყოფას ეწოდება ღია წყაროზე დაფუძნებული, თუკი მისი კოდი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს. ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტებს და ტექნიკურად განსწავლულ მომხმარებლებს შეუძლიათ: შეამოწმონ კოდი, რომლითაც აპლიკაციაა დაწერილი, აღმოაჩინონ და გამოასწორონ მასში არსებული სისუსტეები და დაადასტურონ, რომ აპლიკაცია საიმედოდ იცავს მომხმარებლის მონაცემებს.

ProtonMail გთავაზობთ უფასო, ღია წყაროზე დაფუძნებულ, და ორმხრივად დაშიფრულ იმეილ სერვისს, რომელიც იცავს თქვენს მიმოწერას. უფასო და ღია კოდზე დაფუძნებულ მესენჯერებს შორის, ორმხრივად დაშიფრული Wire და Signal საუკეთესო არჩევანია. თუ იყენებთ Telegram-ს, დარწმუნდით, რომ იყენებთ საიდუმლო ჩატებს (Telegram-ის სტანდარტული ჩატები დაშიფრული არ არის).

2. დაიცავით თქვენი მოწყობილობები

სრული დაშიფვრა თქვენს საუბრებს უკანონო მიყურადებისგან იცავს, სანამ ისინი გზაშია თქვენსა და ადრესატს შორის. მაგრამ ის ვერ დაგიცავთ, თუკი უკვე კონტროლდება თქვენი, ან თქვენი თანამოსაუბრის მოწყობილობა. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თუკი უყურადღებოდ დატოვებთ თქვენს მოწყობილობას, ან დაკარგავთ მას ისე, რომ ეკრანის ავტომატური დაბლოკვა არ გექნებათ ჩართული. ეს ასევე შეიძლება მოხდეს, თუკი თქვენი მოწყობილობა დაინფიცირებულია მავნე პროგრამით. მავნე პროგრამა თითქმის უხილავია, მაგრამ მას ბევრი რამე შეუძლია. მაგალითად, შეინახოს თქვენს მოწყობილობაზე აკრეფილი თითოეული ასო და გაუგზავნოს იგი სხვას.

ხშირად განაახლეთ თქვენი მოწყობილობების პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფა. ჩართეთ თქვენს მოწყობილობებზე ეკრანის ავტომატური დაბლოკვა ხანმოკლე უმოქმედობის შემდეგ. დარწმუნდით, რომ თქვენს დესკტოპებსა და ლეპტოპებზე დაყენებულია ანტივირუსული პროგრამა. გაიგეთ მეტი იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი მოწყობილობების დასაცავად (და თქვენი საუბრების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად).

3. შეწყვიტეთ SMS-ის გამოყენება

მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი (SMS), რომელსაც იყენებენ ტელეფონზე ტექსტური შეტყობინებების მიმოცვლისთვის, მოძველებული და დაუცველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ SMS შეტყობინებები არ არის დაშიფრული. მათზე წვდომა შესაძლებელია განსაკუთრებით დახვეწილი ხელსაწყოების გარეშე. მეორე – ეს შეტყობინებები შეიცავს მეტამონაცემს, რომლითაც შეიძლება გამგზავნისა და მიმღების ვინაობის დადგენა. მესამე – SMS შეტყობინებების გაყალბება ადვილია, ანუ შესაძლებელია ისინი სხვის ნაცვლად გაიგზავნოს. ამდენად, დანამდვილებით ვერასოდეს გაიგებთ, კონკრეტული SMS სინამდვილეში ვისგან მიიღეთ. და ბოლოს, – მობილური კავშირის პროვაიდერები ინახავენ SMS შეტყობინებებსა და მათ მეტამონაცემებს დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ სამუდამოდაც. ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ თქვენს საუბრებზე წვდომა ექნება სხვას. თან ისე, რომ ამას ვერც გაიგებთ.

თუკი გსურთ, რომ თქვენი შეტყობინებები სხვებმა ვერ ნახონ, გამოიყენეთ ორმხრივად დაშიფრული მესენჯერები, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ. თუ სხვანაირად არ გამოდის, SMS-ების ნაცვლად, გამოიყენეთ Android-ში, ან Apple-ში ჩაშენებული სამესიჯო სისტემები.

Apple მოწყობილობა

  • Apple-ის მოწყობილობაზე, iMessage-ის ნაგულისხმევ სისტემად დასაყენებლად გადადით პარამეტრებზე > შეტყობინებებზედა ჩართეთiMessage. ამ პარამეტრის ჩართვით, შეძლებთ გაუგზავნოთ ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეო და აუდიო ფაილები სხვა ადამიანებს iPhone-ის, iPad-ის ან Mac-ის გამოყენებით, დაშიფრული კავშირის საშუალებით.

ანდროიდ მოწყობილობა

  • უახლესი Android მოწყობილობების უმეტესობას მოყვება Messages, Google-ის მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული შეტყობინებების აპლიკაცია. თუ თქვენს Android მოწყობილობას არ აქვს Messages-ის აპი, ჩამოტვირთეთ ის Play Store-დან. Messages შეტყობინებების ნაგულისხმევი აპი რომ გახდეს, გადადითპარამეტრებზე > აპებზე და შეტყობინებებზე > უპირატესზე > ნაგულისხმევ აპებზე > SMS აპლიკაცია. შემდეგ, აირჩიეთ Messages, როგორც თქვენი ნაგულისხმევი შეტყობინებების აპი.
  • Messages აპის საშუალებით, დაშიფრული შეტყობინებების გასაგზავნად თქვენ უნდა ჩართოთ ჩატის ფუნქციები. ამისათვის თქვენს მოწყობილობაზე გახსენით Messages აპი და ზედა მარჯვენა კუთხეში შეეხეთ სამ ვერტიკალურ წერტილს. აირჩიეთ პარამეტრები > ჩატის ფუნქციები. დააყენეთ  ჩატის ფუნქციების ჩართვა.
  • თუ Messages აპი მიუწვდომელია თქვენს ქვეყანაში, ან თქვენი მოწყობილობებისთვის, გამოიყენეთ ის მესენჯერები, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

4. წაშალეთ ძველი შეტყობინებები

თუ გინდათ, თქვენს მოწყობილობაზე არსებული ტექსტური, ფოტო და ვიდეო შეტყობინებები ცნობისმოყვარეებმა ვერ ნახონ, შეგიძლიათ, პერიოდულად წაშალოთ ძველი შეტყობინებები. ასე უფრო მშვიდად იქნებით – სულ რომ დაკარგოთ მოწყობილობა, ან ვიღაცამ რომ წაგართვათ, სხვებს ვერ ექნებათ წვდომა თქვენს შეტყობინებებზე. ძველი შეტყობინებების წაშლა ასევე გამოანთავისუფლებს ადგილს თქვენს მოწყობილობაზე.

ჩვენ გირჩევთ, ჩართოთ თქვენს მოწყობილობაზე ძველი შეტყობინებების ავტომატური წაშლა. სამწუხაროდ, Android მოწყობილობებზე, Google Messages-ში ამას ვერ იზამთ. ამიტომ, Android მოწყობილობას თუ იყენებთ, ძველი შეტყობინებები ხელით უნდა წაშალოთ ხოლმე.

iPhone-სა თუ iPad-ზე ძველი შეტყობინებების ავტომატურად წაშლის დასაყენებლად გადადით პარამეტრებზე > შეტყობინებები. გადადით ქვემოთ  შეტყობინებების ისტორიაზე  და დააწკაპუნეთ  შეტყობინებების შენახვაზე . აირჩიეთ  30 დღე  რათა წაიშალოს ყველა შეტყობინება, რომელიც ერთ თვეზე ძველია. ამ პარამეტრის ჩართვის შემდეგ, თქვენი მოწყობილობა შეტყობინებას, მისი მოსვლიდან 30 დღეში, ავტომატურად წაშლის. თუ გსურთ წაშალოთ შეტყობინებები, რომელიც უფრო ადრე მოგივიდათ, ამის გაკეთება ხელით მოგიწევთ.

გახსოვდეთ – თქვენს მოწყობილობაზე შეტყობინებები რომც წაშალოთ, ისინი არ წაიშლება მიმღების მოწყობილობაზე.

5. გამოიყენეთ გაუჩინარებადი (გარკვეულ დროზე გათვლილი) შეტყობინებები

მესენჯერების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ შეტყობინებები, რომლებიც ქრება გარკვეული დროის, ან მას შემდეგ, რაც ადრესატი მათ ნახავს. ეს იცავს თქვენს შეტყობინებებს ცნობისმოყვარე თვალებისგან, თუკი მოწყობილობას დაკარგავთ, ან მოგპარავენ (ან წაგართმევენ). ასე თქვენს შეტყობინებებს ვერც იმ ადამიანის მოწყობილობიდან ნახავენ, ვისაც ის გაუგზავნეთ.

ყველაფერი აწონ-დაწონეთ – ტექსტების, ფოტოების ან ვიდეოების გასაგზავნად, გაუჩინარებადი (გარკვეულ დროზე გათვლილი) შეტყობინებები გაცილებით უსაფრთხოა. გაითვალისწინეთ, ადრესატს თქვენი შეტყობინებების კოპირება და მოწყობილობაში შენახვა მაინც შეუძლია.

6. გამოიყენეთ ძლიერი პაროლები და 2FA

დაიცავით ყველა იმეილისა და მესენჯერის ანგარიში პაროლით, რომლის გამოცნობა ან გატეხვა შეუძლებელია. პაროლი ითვლება ძლიერად, თუ ის შეიცავს მინიმუმ 12 სიმბოლოს, მათ შორის დიდ და პატარა ასოებს, ციფრებსა და სპეციალურ სიმბოლოებს. უძლიერეს პაროლებს ამ სიმბოლოების შემთხვევითი კომბინაციები ქმნის. გაიგეთ მეტი იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ ძნელად გასატეხი პაროლები.

დარწმუნდით, რომ იყენებთ უნიკალურ პაროლს ყველა თქვენი ანგარიშისთვის. გაიგეთ მეტი იმაზე  თუ რატომ არის ცუდი ერთი და იგივე პაროლის გამოყენება სხვადასხვა ანგარიშებისთვის. ამდენი რთული და უნიკალური პაროლი ნუ დაგაფრთხობთ – შეგიძლიათ, გამოიყენოთ პაროლის მენეჯერი, რათა „დაიმახსოვროთ“ და უსაფრთხოდ შეინახოთ ისინი.

სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერი პაროლიც კი შეიძლება მოიპარონ სხვადასხვა გზით. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენოთ ორმაგი ავტორიზაცია (2FA) თქვენი ელ. ფოსტისა და მესენჯერის ანგარიშების დასაცავად. ორნაბიჯიანი ავტორიზაციის ჩართვის შემდეგ, თქვენი ვინაობის დასადასტურებლად მეორე გზაც უნდა გამოიყენოთ.

ორნაბიჯიანი ავტორიზაციის ყველაზე უსაფრთხო გზაა, დააყენოთ თქვენს ტელეფონზე აპლიკაცია, რომელიც გამოიმუშავებს დროებით ციფრულ კოდებს. სოციალურ ქსელში თქვენი ანგარიშის პაროლს რომ შეიყვანთ, მერე კოდის შეყვანაც დაგჭირდებათ. გაიგეთ მეტი იმაზე, როგორ დაიცავთ ონლაინ ანგარიშებს ორნაბიჯიანი ავტორიზაციის გამოყენებით.

7. დაფიქრდით სანამ გააგზავნიდეთ

ეს მართლაც მარტივია: ტექსტური, ფოტო ან ვიდეო შეტყობინების გაგზავნამდე იმაზე დაფიქრდით, ამას ოდესმე თუ ინანებთ. გაგზავნის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, ხშირად ვეღარ გააკონტროლებთ, თუ ვის ექნება თქვენი შეტყობინების ასლი. თუ რამე ძალიან პირადს, კონფიდენციალურს ან სენსიტიურს აგზავნით, პირისპირ შეხვედრა საუკეთესო გამოსავალია.