როგორ დავიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან

An illustration of a man boxing with a gift box with an evil face on it protecting his computer behind.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა, რომლითაც ჰაკერები და კრიმინალები ქმნიან პრობლემებს ინტერნეტში, არის მავნე პროგრამების გავრცელება. საღი აზრის გამოყენების გარდა, მიჰყევით ამ ძირითად მითითებებს, რათა დაიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან.

1. გამოიყენეთ ანტივირუსი

თქვენს მოწყობილაზე ყოველთვის უნდა გქონდეთ ჩართული სანდო ანტივირუსული პროგრამა. ეს პროგრამა არის თქვენი მთავარი თავდაცვის ხაზი ვირუსებისა და სხვა სახის მავნე პროგრამებისგან. რეგულარულად განაახლეთ თქვენი ანტივირუსი, რათა გაუმკლავდეს ნებისმიერ ახალ საფრთხეს.

ანტივირუსული პროგრამები საშუალებას გაძლევთ სრულად დაასკანეროთ თქვენი მოწყობილობა მავნე პროგრამებზე. მიაჩვიეთ თავი მოწყობილობების ხშირ დასკანერებას, მავნე პროგრამების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად. თუ რაიმეს ჩამოტვირთვა გჭირდებათ, გახსნამდე ნუ დაგავიწყდებათ ჩამოტვირთული ფაილის მავნე პროგრამებზე დასკანერება.

Windows-ს გააჩნია ჩაშენებული უფასო და საიმედო ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა – Microsoft Defender-ი. Microsoft Defender-ის გაუმჯობესება შეგიძლიათ რამდენიმე პარამეტრის შესწორებით.

2. რეგულარულად განაახლეთ თქვენი პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა

მავნე პროგრამული უზრუნველყოფა აინფიცირებს თქვენს მოწყობილობებს, პროგრამული უზრუნველყოფის დაუცველობების აღმოჩენითა და მათი გამოყენებით. ჰაკერები და კრიმინალები მუდმივად ეძებენ ასეთ დაუცველობებს. კომპანიები, რომლებიც ქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფას, ასწორებენ დაუცველობებს განახლებებად გამოქვეყნებული უსაფრთხოების პატჩების მეშვეობით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დააყენოთ განახლებები, როგორც კი ისინი გამოვა.

რომელ მოწყობილობასაც არ უნდა იყენებთ, დარწმუნდით, რომ იყენებთ ოპერაციული სისტემის უახლეს ვერსიას. კარგი იქნება, თუ დააყენებთ ოპერაციულ სისტემასა და ანტივირუსულ პროგრამას ავტომატურ განახლებაზე. ხშირად და რეგულარულად განაახლეთ ყველა სხვა პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს მოწყობილობებზე.

თუ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თქვენს მობილურ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებები არ ყოფილა, დიდი ალბათობით, ეს ძველი მოდელია, რომელსაც მწარმოებელი აღარ უწევს მხარდაჭერას. ამ შემთხვევაში, იფიქრეთ ტელეფონის შეცვლაზე უფრო ახალი მოდელით, რომელიც იღებს უსაფრთხოების მნიშვნელოვან განახლებებს.

3. გამოიყენეთ ანგარიში, რომელსაც არ გააჩნია ადმინისტრატორის უფლებები

მავნე პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება იყოს განსაკუთრებით დამღუპველი თქვენი მოწყობილობისთვის და მასზე არსებული მონაცემებისთვის, თუ ადმინისტრატორის ანგარიშით შედიხართ სისტემაში. კარგი იქნება, თუ თქვენს კომპიუტერზე შექმნით მომხმარებლის ანგარიშს შეზღუდული პრივილეგიებით და გამოიყენებთ მას რეგულარული ყოველდღიური ამოცანებისთვის. როდესაც შედიხართ შეზღუდული პრივილეგიების მქონე ანგარიშით, მავნე პროგრამებისთვის გაცილებით უფრო რთულია იპოვონ გზა თქვენს მოწყობილობაში შესაღწევიდ და განახორციელონ ცვლილებები მთელი სისტემის მასშტაბით.

4. იცოდეთ, თუ რა პროგრამებს აინსტალირებთ

ბევრი მავნე პროგრამა შეფუთულია ჩრდილოვან პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, ან ჩაშენებულია ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფის პირატულ ვერსიებში. თქვენი კომპიუტერის მავნე პროგრამით დაინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე “საიმედო” გზა მასზე პირატული (არალიცენზირებული) პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებაა. თუ ნამდვილად გჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფის კონკრეტული ნაწილი, მაგრამ არ გაქვთ ამის საშუალება, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს თითქმის ყველა ძირითადი პროგრამული პროდუქტის უფასო ალტერნატივა. შესაძლოა ეს ალტერნატივები სთავაზობენ უფრო შეზღუდულ ფუნქციონირებას, მაგრამ ისინი ასრულებენ სამუშაოს ისე, რომ მავნე პროგრამასთან ერთად მუდმივი “ონლაინ-თანაცხოვრება” არ მოგიხდეთ. როდესაც შესაძლებლობა გაქვთ, ყოველთვის აირჩიეთ ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფა, პატენტური კომერციული პროდუქტების ნაცვლად.

ჩამოტვირთეთ აპლიკაციები მხოლოდ აპლიკაციების ოფიციალური მაღაზიებიდან. როდესაც რაიმეს პირველად აინსტალირებთ და არ იცნობთ აპლიკაციას, აუცილებლად წაიკითხეთ განხილვები კომენტარებში, რათა გაარკვიოთ, თვლიან თუ არა სხვა მომხმარებლები იმ პროგრამულ უზრუნველყოფას სანდოდ.

ჩვეულებად აქციეთ თქვენს მოწყობილობებზე დაინსტალირებული ყველა აპლიკაციის რეგულარული გადამოწმება. წაშალეთ აპლიკაციები, რომლებსაც აღარ იყენებთ ან არ ენდობით.

5. უფრთხილდით დანართებს ანუ მიმაგრებულ ფაილებს

ეს არის ციფრული უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური წესი – არასოდეს არ ჩამოტვირთოთ და არ გახსნათ დანართები, რომლებსაც გიგზავნიან ელ. ფოსტაზე, მესენჯერებში ან Sms-ებად ის ადამიანები, რომლებსაც არ იცნობთ ან სრულად არ ენდობით. თაღლითებსა და კრიმინალებს განსაკუთრებით უყვართ Word-ის, Excel-ის, PowerPoint-ის და PDF-ის ფაილები, რომლებიც ინფიცირებულია მავნე პროგრამებით. თუ ელ. ფოსტა ან სხვა ტიპის შეტყობინება თქვენთვის უცნაურად ან საეჭვოდ გამოიყურება, საუკეთესო გზა თავის დასაცავად მისი დაუყონებლივ წაშლაა.

ასევე გვახსოვდეს, მათაც კი, ვისაც ვენდობით, შეიძლება გაუტეხონ ელ. ფოსტის ანგარიშები. ასე რომ, როცა მიიღებთ მოულოდნელ ელ. წერილს დანართით, კარგი იქნება, თუ გახსნამდე წერილის სავარაუდო ავტორთან გადაამოწმებთ.

6. შეამოწმეთ ბმულები დაწკაპუნებამდე

არასოდეს არ დააწკაპუნოთ ბმულებზე, რომლებიც მიიღეთ იმ პირაბისგან ან ორგანიზაციებისგან, რომლებსაც არ იცნობთ. თქვენ ასევე ჩვევად უნდა აქციოთ თითოეული მიღებული ბმულის გადამოწმება და შეხედოთ მათ, როგორც პოტენციურ რისკებს. როდესაც თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას კოლეგისგან, თქვენი ბანკისგან ან სოციალური მედიის სერვისისგან, რომელსაც იყენებთ, არ დააწკაპუნოთ ბმულზე ელ. ფოსტაში. გადაატარეთ მაუსი ბმულზე, რათა ნახოთ ვებ-საიტის სრული მისამართი. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ, გსურთ, თუ არა დააწკაპუნოთ ამ ბმულზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ გახსნათ ბრაუზერის ფანჯარა და მისამართი აკრიფოთ პირდაპირ URL-ველში, რათა დარწმუნდეთ, რომ საიტი ნამდვილია.

სანამ დააწკაპუნებთ ბმულზე, რომელიც ოდნავ მაინც მიგაჩნიათ საეჭვოდ, დაასკანირეთ იგი ბმულების სკანერით. მაგალითად, Norton Safe Web-ით, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიყვანოთ საეჭვო ბმულის URL-ი და შეამოწმოთ ის უსაფრთხოებაზე.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ, როდესაც საქმე გაქვთ შემოკლებულ URL-ბმულებთან. ყოველთვის შეამოწმეთ რეალური URL-ბმული შემოკლებულის მიღმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ უფასო ონლაინ-სერვისი, მაგალითად, UnshortenIt -ი შემოკლებული URL-ის „გასაშიფრად“.

7. არ ენდოთ ამოსახტომ შეტყობინებებს

ყველას გვქონია ასეთი შემთხვევა: ათვალიერებთ რაღაცას ინტერნეტში და უცებ გამომხტარა ფანჯარა, რომელშიც გეუბნებიან, რომ თქვენი კომპიუტერი დაინფიცირებულია და გირჩევთ ჩამოტვირთოთ გარკვეული პროგრამა თქვენი მოწყობილობის დასაცავად. ნუ წამოეგებით ამ ხრიკს. ფრთხილად იყავით.

8. ფრთხილად იყავით მოსახსნელ მედია-მატარებლებთან

მავნე პროგრამები ხშირად მოგზაურობენ სხვადასხვა მოწყობილობებში მოსახსნელი მედია-მატარებლების საშუალებით, ისეთების, როგორიცაა USB-მეხსიერების დისკები, გარე მყარი დისკები, ფლეშ-მეხსიერების ბარათები და ა. შ. არასოდეს არ შეუერთოთ ასეთი მოწყობილობა თქვენს კომპიუტერს, თუ არ იცით საიდან გაჩნდა თქვენთან. როდესაც თქვენ გჭირდებათ მოსახსნელი მედია-მოწყობილობის გამოყენება და იცით საიდან მოხვდა თქვენთან, კარგი იქნება, თუ მის გახსნამდე, მაინც გამოიყენებთ ანტივირუსულ პროგრამას მისი სკანირებისთვის.