როგორ დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია სოც. ქსელებში

Illustration of a woman with a lock illustration on her tshirt and there are social media icons behind her.

თუ სხვების მსგავსად, თქვენც დიდ დროს ატარებთ სოც. ქსელებში, მაშინ დიდი შანსია, ბევრ პირად ინფორმაციას აზიარებდეთ. სოც. ქსელების მეშვეობით თქვენზე ბევრი რამე შეიძლება გაიგონ, მაგალითად: თქვენი სრული სახელი, სკოლა, სამსახური, ოჯახის წევრების და მეგობრების ვინაობა, საცხოვრებელი, ან ადგილი, რომელსაც შირად სტუმრობთ, ჰობი და ინტერესები, პოლიტიკური შეხედულებები და მუსიკალური გემოვნება, და ასე შემდეგ.

ეს ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ თქვენ წინააღმდეგ. თაღლითებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები, თავი მოაჩვენონ თქვენს მეგობრებს ან კოლეგებს, თითქოს ეს თვენ ხართ, და გამოსტყუონ ფული, ან სენსიტიური ინფორმაცია. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ის ინფორმაცია, რომელსაც აქვეყნებთ, რათა გამოიცნონ თქვენი უსაფრთხოების კითხვები საბანკო ან გაცნობისათვის განკუთვნილ საიტებზე, მოიპარონ თქვენი ონლაინ ანგარიშები, ან შეგაწუხონ.

კარგი ამბავი ისაა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე სწრაფი და მარტივი ხერხი დაგეხმარებათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია უსაფრთხოდ შენახვაში. თან ისე, რომ სოციალური ქსელები მაინც უპრობლემოდ გამოიყენოთ.

1. გამოიყენეთ ძლიერი და უნიკალური პაროლები

დაიცავით სოციალური მედიის ყველა ანგარიში პაროლით, რომლის გამოცნობა ან გატეხვა შეუძლებელია. პაროლი ძლიერია, როდესაც ის შედგება მინიმუმ 12 სიმბოლოსაგან, მათ შორის “დიდი” და “პატარა” ასოებისგან, რიცხვებისგან და სპეციალური სიმბოლოებისგან. ამ სიმბოლოების შემთხვევითი კომბინაციები ქმნის ყველაზე ძლიერ პაროლს. წაიკითხეთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შექმნით პაროლები, რომელთა გატეხვაც ძალიან რთულია.

დარწმუნდით, რომ იყენებთ უნიკალურ პაროლს ყველა ონლაინ ანგარიშისთვის. გაიგეთ მეტი იმაზე თუ რატომ არის ცუდი ერთი და იგივე პაროლის გამოყენება სხვადასხვა ანგარიშებისთვის. ამდენი რთული და უნიკალური პაროლი ნუ დაგაფრთხობთ – შეგიძლიათ, გამოიყენოთ პაროლის მენეჯერი, რათა „დაიმახსოვროთ“ და უსაფრთხოდ შეინახოთ ისინი.

2. დაამატეთ დაცვის მეორე დონე

სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერი პაროლიც კი შეიძლება მოიპარონ ან სხვაგვარად გატეხონ ის. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენოთ ორნაბიჯიანი ავტორიზაცია (2FA) თქვენი სოციალური მედიის ანგარიშების დასაცავად. როდესაც ჩართულია 2FA (იგივე ორფაქტორიანი აუტენტიფიკაცია), პაროლის შეყვანის გარდა, დამატებით გთხოვენ, გამოიყენოთ თქვენი ვინაობის დამადასტურებელი მეორე გზაც.

2FA-ს გამოყენებისას, ყველაზე უსაფრთხო გზაა, დააყენოთ თქვენს ტელეფონზე აპლიკაცია, რომელიც დააგენერირებს დროებით ციფრულ კოდებს. სოციალური მედიის ანგარიშში შესასვლელად, პაროლის შეყვანისთანავე, ამ კოდის შეყვანაც მოგიწევთ. წაიკითხეთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ორნაბიჯიანი ავტორიზაცია ონლაინ ანგარიშების დასაცავად.

3. თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა ყოველთვის განახლებული უნდა იყოს

კიბერკრიმინალები სულ უფრო კარგად იყენებენ სხვადასხვა აპლიკაციებში ნაპოვნ დაუცველობებს მოწყობილობებში შესაღწევად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა მუდმივად განახლებული იყოს. დარწმუნდით, რომ მოწყობილობაზე, რომელსაც იყენებთ სოციალური მედიის ანგარიშებზე წვდომისთვის, ყოველთვის დაყენებულია ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია. გინდ კომპიუტერს იყენებდეთ, გინდ მობილურს, დარწმუნდით, რომ ჩართულია ანტივირუსი და მასზე დაყენებულია ავტომატური განახლების რეჟიმი.

თუ შედიხართ სოციალურ მედია საიტებზე ვებ-ბრაუზერის მეშვეობით, დარწმუნდით, რომ ისიც განახლებულია უახლეს ვერსიამდე. თუ მობილურ მოწყობილობაზე იყენებთ სოციალური მედიის ცალკეულ აპლიკაციებს, მაშინ ხშირად განაახლეთ ისინი.

4. იცოდეთ, ვის ამატებთ მეგობრებში

ეს საკმაოდ მარტივია: რაც უფრო მეტ ადამიანთან ხართ დაკავშირებული, მით უფრო რთულია იმის კონტროლი, თუ რა მოუვა პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც აზიარებთ სოციალურ ქსელში. თუ ძალიან მნიშვნელოვანი არაა, რომ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშები ყველასთვის იყოს ღია, დაფიქრდით, თუ ვის შეუზღდუდავდით წვდომას თქვენს პოსტებსა და ფოტოებზე. წაიკითხეთ უფრო მეტი იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთებთ ამას Instagram-ისა და Twitter-ის ანგარიშებისთვის.

კარგი იქნება, თუ პერიოდულად გადახედავთ ხოლმე თქვენს მიმდევრებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში. დაფიქრდით იმ ადამიანების წაშლაზე, ვისაც აღარ ენდობით ან ვისთანაც აღარ გაქვთ კომუნიკაცია. თუ მომხმარებელი ითხოვს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, გაწუხებთ, ან საეჭვოდ იქცევა, დაფიქრდით მისი პროფილის დაბლოკვაზე და დაარეპორტეთ იგი.

5. მართეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები

სოციალური ქსელები შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი პოსტები და ფოტოები ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის მთელ მსოფლიოს მასშტაბით. საბედნიეროდ, ეს სერვისები ასევე გეხმარებათ, მართოთ კონფიდენციალურობის ნაგულისხმევი პარამეტრები, რათა ზუსტად გააკონტროლოთ, თუ რა ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ სხვებს. მაგალითად, სოციალური მედიის საიტების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ შეზღუდოთ ვის შეუძლია თქვენი პროფილის ნახვა, დაბლოკოთ კონკრეტული მომხმარებლების პროფილები, გაუზიაროთ ფოტოები მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს და ა. შ. დარწმუნდით, რომ უკვე გაერკვიეთ ამ პარამეტრების გამოყენებაში და თქვენი კონფიდენციალურობის დაცვაში. წაიკითხეთ მეტი იმაზე, თუ როგორ უნდა მართოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები Instagram-ისა და Twitter-ის ანგარიშებზე.

6. შეინახეთ პირადი ინფორმაცია სოციალური მედიის მიღმა

სოციალური ქსელები გაძლევთ შესაძლებლობას, დაამატოთ უამრავი პირადი დეტალი, რათა დაეხმაროთ სხვებს თქვენს პოვნაში. რომელ სკოლაში დადიოდით? დაოჯახებული ხართ? თქვენი ოჯახიდან ჩვენი ანგარიში კიდევ ვის აქვს? ამ დეტალების წყალობით სოც. ქსელში თქვენი ძალიან პირადი პორტრეტი იხატება. იგი ნამდვილი საგანძურია არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის.

შეეცადეთ აკონტროლოთ, თუ რა პირად ინფორმაციას პოსტავთ. მიაქციეთ ყურადღება თქვენი ბიოგრაფიის დეტალებს, ოჯახურ კავშირებსა და ფოტოებს. არასოდეს არ გააზიაროთ თქვენი პირადობის მოწმობის, კონცერტის, ან ავიაბილეთების ფოტოები. წინასწარ დაფიქრდით ხოლმე და გახსოვდეთ – რაიმეს თუ გამოაქვეყნებთ, თითქმის შეუძლებელია ზუსტად იმის გარკვევა, თუ ვის ექნება წვდომა ამ ინფორმაციაზე.

7. არ გააზიაროთ თქვენი ადგილმდებარეობა

ბოროტმოქმედებს ხშირად ისიც უადვილებს საქმეს, რომ ზოგი ყველას უყვება სად იმყოფება, და სად დადის ყველაზე ხშირად. ამას ვაკეთებთ, როდესაც სადმე ვჩექინდებით, ვპოსტავთ ფოტოებს, რომლებზეც ჩანს სად ვიმყოფებით, ან როდესაც ვყვებით, აქა და აქ მაგარი დრო გავატარეო.

თუ ზრუნავთ საკუთარ კონფიდენციალურობაზე და პირად უსაფრთხოებაზე, მაშინ კარგი იქნება, თუ არ გაუზიარებთ თქვენს მდებარეობას სხვებს. გამორთეთ თქვენს გაჯეტზე მდებარეობის გაზიარების ფუნქცია და დაარეგულირეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები სოციალურ ქსელებში, რათა მათ შეწყვიტონ თქვენი ადგილმდებარეობის კონტროლი. არ გამოიყენოთ დაჩექინების ფუნქციები და არ გამოაქვეყნოთ ფოტოები, სადაც ჩანს, სად იმყოფებით. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ არ დატოვებთ იმ ადგილს.

8. არ გამოიყენოთ თქვენი სოციალური პროფილები სხვა ვებ-საიტებზე შესასვლელად

ახალი ონლაინ ანგარიშის შექმნისას შესაძლოა, გაგიჩნდეთ ცდუნება და გამოიყენოთ ფუნქცია „შესვლა Facebook-ის მეშვეობით“. ასეთ დროს თქვენ ენდობით გარე საიტს, რომელშიც შედიხართ თქვენი Facebook-ანგარიშის მონაცემებით. წმინდა სტატისტიკური თვალსაზრისითაც კი, ეს ზრდის თქვენი ანგარიშის გატეხვის შანსებს. აგრეთვე Facebook-ს საშუალებას აძლევთ, წვდომა მიიღოს თქვენს კიდევ უფრო მეტ პერსონალურ მონაცემზე. ამიტომ, ნურასოდეს ნუ შეხვალთ სხვა ვებ-საიტებზე თქვენი სოციალური ქსელების ანგარიშების მეშვეობით.

9. არ მისცეთ სხვა აპლიკაციებს თქვენს ანგარიშებზე წვდომის უფლება

მომხმარებელთა უმეტესობამ საერთოდ არ იცის, რამდენ აპლიკაციას ან ვებ-საიტს მისცა საკუთარი სოციალური მედიის ანგარიშებთან დაკავშირების უფლება. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ აწკაპუნებთ რომელიმე ვიქტორინაზე, რომელიც ვიღაცამ გააზიარა Facebook-ზე, ან არკვევთ “რომელ ცნობილ ადამიანს ჰგავხართ“, დამატებით აპლიკაციას თქვენს ანგარიშზე უხსნით წვდომას. ამ აპლიკაციებს პოტენციურად შეუძლიათ დაინახონ ვისთან მეგობრობთ, მიიღონ წვდომა თქვენი პროფილის სურათებზე, დაბადების დღეზე, მისამართზე და ა. შ.

პერიოდულად გადახედეთ აპლიკაციებისა და სერვისების სიას, რომლებსაც აქვთ წვდომა თქვენს სოციალური ქსელების ანგარიშებზე. წაშალეთ ყველაფერი, რასაც აღარ იყენებთ, რაც მოძველდა და საეჭვოა.

10. იცოდეთ როგორ უნდა მართოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი და საზიარო მოწყობილობები

სოციალური მედიის ანგარიშებში საჯარო ან საზიარო მოწყობილობებიდან შესვლა ყოველთვის საფრთხეს უქმნის თქვენს პირად ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ ზოგიერთი რისკი, მათ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრით. როდესაც იყენებთ საჯარო მოწყობილობას ბიბლიოთეკაში, სკოლაში ან აეროპორტში თქვენი სოციალური მედიის პროფილების შესამოწმებლად, დარწმუნდით იმაში, რომ მუშაობის დასრულების შემდეგ, სრულად გამოდიხართ სისტემიდან, როდესაც ეს შესაძლებელია, დაასრულეთ სესია ან გადატვირთეთ მოწყობილობა.

შეეცადეთ არ შეხვიდეთ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებზე ინტერნეტ-კაფეების საერთო კომპიუტერებიდან. ყოველთვის ივარაუდეთ, რომ ასეთ კომპიუტერებზე დაინსტალირებულია keylogger-ები ანუ პაროლის გამხსნელი, ან სხვა ტიპის ჯაშუშური პროგრამები. თუ თქვენი ანგარიში აუცილებლად ინტერნეტ-კაფეში უნდა შეამოწმოთ, დარწმუნდით, რომ ჩართული გაქვთ ორნაბიჯიანი ავტორიზაცია. როგორც კი ანგარიშზე სხვა კომპიუტერიდან შეხვალთ, აუცილებლად შეცვალეთ პაროლი.

11. უფრთხილდით ლინკებს

ციფრული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი წესი – რომ არასოდეს არ უნდა დააჭიროთ იმ ადამიანების მიერ გამოგზავნილ ბმულებს, ვისაც არ იცნობთ ან ბოლომდე არ ენდობით. ეს ეხება სოც. ქსელებში გამოგზავნილ ბმულებსაც. ასეთი ბმულები შეიძლება შეგხვდეთ ინბოქსში, ან კომენტარებში – ფოტოს თუ სტატუსის ქვეშ. თუ არ იცით ზუსტად, სად გადაგიყვანთ ბმული მაშინ, არ დააჭიროთ მას.

ბმულზე ისრის მიტანა გიჩვენებთ უფრო მეტ ინფორმაციას. გაიგებთ, სად გადაგიყვანთ ეს ბმული, თუ მასზე დააწკაპუნებთ. მაგრამ ამას ვერ იზამთ მობილურებზე.

12. დახურეთ ანგარიშები, რომლებსაც არ იყენებთ

ახალი და მოდური სოციალური მედიის პლატფორმები ანაცვლებს მოძველებულს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ თქვენს ყველა ანგარიშს და წაშალოთ ისინი, რომლებსაც აღარ იყენებთ. ჰაკერებისთვის უფრო ადვილია თქვენი მიტოვებული ან დავიწყებული ანგარიშების გატეხვა. ისე, რომ თქვენ ამას ვერც კი შეამჩნევთ.

გატეხილი ანგარიში და მასში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ სხვა ანგარიშების გასატეხად. ან იმისთვის, რომ “თქვენგან” ყალბი ანგარიში შექმნან. გარდა იმ ანგარიშების დახურვისა, რომლებსაც აღარ იყენებთ, სთხოვეთ სოციალური მედიის სერვისებს, სადაც ეს შესაძლებელია, წაშალონ ყველა ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ თქვენს შესახებ. პაროლების მენეჯერის გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა ისაცაა, რომ იგი აადვილებს თქვენს მიერ გახსნილი ყველა ანგარიშის კონტროლს.