7 რჩევა შენი კომპიუტერის უსაფრთხოდ შესანარჩუნებლად

An illustration of a laptop protected in a glass bubble and surrounded by stanchions.

პერსონალური კომპიუტერები, მაგალითად დესკტოპები, ლეპტოპები და ტაბლეტები – ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოებია. მათი წყალობით წვდომა გვაქვს ინტერნეტთან და სხვადასხვა ონლაინ სერვისებთან. ისინი აგრეთვე გვეხმარებიან სხვებთან კომუნიკაციაში და ინფორმაციის შექმნა-შენახვა-გაზიარებაში.

კომპიუტერის დაკარგვას, მოპარვას, ან გატეხვას ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. პროფესიულიც, ფინანსურიც… თქვენს რეპუტაციაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერის დაცვა და “დაზღვევა”.

გაითვალისწინეთ, რომ ამ სტატიაში მოცემული ყველა რჩევა ფოკუსირებულია ზოგადად თქვენი პერსონალური კომპიუტერების დაცვაზე. თუ გსურთ, თქვენს კომპიუტერში მონაცემების დაცვაზე მეტის გაგება, გადადით განყოფილებაში ჩემი მონაცემები.

1. გამოიყენეთ მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამული უზრუნველყოფა ძვირია. ამიტომაც თქვენს კომპიუტერზე არალიცენზირებული, ან „მეკობრული“ პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება დიდი ცდუნებაა.

მხოლოდ უკანონობაზეც არაა, ამის გაკეთება უბრალოდ ძალიან ცუდი აზრია. ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა იქმნება ორიგინალი აპლიკაციების ძველი ვერსიების საფუძველზე. რაც ეს ვერსიები გამოვიდა, დეველოპერებმა მათში აღმოაჩინეს და გამოასწორეს ასობით ან, ათასობით შეცდომა და დაუცველობის კრიტიკულად სუსტი წერტილები. თუ იყენებთ მეკობრულ პროგრამულ უზრუნველყოფას, მაშინ ამ ჩასწორებებითა და განახლებებით ვერ ისარგებლებთ.

მეტიც, პირატულ ანუ მეკობრულ პროგრამულ უზრუნველყოფას ხშირად მოჰყვება მათში უკვე ჩაშენებული მავნე კოდი. ასე რომ, არალიცენზირებული აპლიკაციების გამოყენებით, მოწყობილობაში ვირტუალურ კარს ღიას ტოვებთ. მთელი მისი შიგთავსი მუდმივად ღია იქნება კიბერკრიმინალებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენს კომპიუტერში ყველაზე მთავარი პროგრამული უზრუნველყოფის ნამდვილი ვერსიები გამოიყენოთ. საუბარია ოპერაციულ სისტემაზე და ანტივირუსულ პროგრამაზე. თუ კომერციული პროგრამებს ვერ სწვდებით, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ უფასო ალტერნატივა ღია საწყისი კოდით. წესით, ისიც გამოგადგებათ.

2. ჩამოტვირთეთ პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ სანდო წყაროებიდან

კიბერკრიმინალები ხშირად ავრცელებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ჰგავს ნამდვილ აპლიკაციებს, მაგრამ მასში ჩაშენებულია სხვადასხვა ტიპის მავნე პროგრამები. ამ პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირებით კიბერდამნაშავეებს საკუთარ მოწყობილობაზე ეპატიჟებით.

ამიტომ, ყოველთვის ჩამოტვირთეთ პროგრამული უზრუნველყოფა და განახლებები ოფიციალური მაღაზიებიდან (Windows-მოწყობილობებისთვის Microsoft Store-იდან და Mac-ისთვის App Store-იდან) ან პირდაპირ იმ კომპანიების ვებ-საიტებიდან, რომლებიც ავრცელებენ აპლიკაციებსა და მათ განახლებებს. მაგალითად, Adobe Acrobat Reader-ის დაინსტალირებისას, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია პირდაპირ Adobe-ის გვერდიდან და არა მესამე მხარეების ვებ-საიტებიდან.

ახალი ან ნაკლებად ცნობილი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვისას ასევე კარგი იქნება წაიკითხოთ მიმოხილვები, რათა დარწმუნდეთ, რომ იგი უსაფრთხოა დასაინსტალირებლად და გამოსაყენებლად.

3. ხშირად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა

პროგრამულ განახლებებს ხშირად მოყვება პატჩები, რომლებიც ასწორებენ სისტემაში სულ ბოლოს ნაპოვნ სისუსტეებს. .

პროგრამული უზრუნველყოფა აგებულია კოდებზე, აპლიკაციები კი ხშირად შეიცავს კოდის ათიათასობით სტრიქონს. ჰაკერები ათვალიერებენ კოდის ყველა სტრიქონს და ხშირად პოულობენ უსაფრთხოების ხვრელებს ან სისუსტეებს (იგივე „დაუცველობებს“) აპლიკაციებსა და ოპერაციულ სისტემებში. როდესაც ჰაკერები პოულობენ დაუცველობას, ისინი ქმნიან მავნე პროგრამას. იგი იყენებს სუსტ წერტილს თქვენს მოწყობილობაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ან თქვენი მონაცემების მოსაპარად. საკუთარ პროგრამებში დაუცველობებს დეველოპერებიც ეძებენ. პოვნისთანავე, ისინი ქმნიან პატჩებს და ავრცელებენ მათ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებში. მაგრამ პატჩის დაინსტალირებამდე ჰაკერებს ამ დაუცველობის გამოყენება შეუძლიათ. ამიტომ, მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები დააყენოთ გამოსვლისთანავე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენს კომპიუტერში ოპერაციული სისტემა და ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა ყოველთვის განახლებული იყოს. ავტომატურ განახლებებს თუ ჩართავთ, კომპიუტერი თავისით ჩამოტვირთავს და დააინსტალირებს კრიტიკულ პატჩებს მათი გამოშვებისთანავე. თუ სხვა აპლიკაციებისთვის ავტომატური განახლებების ჩართვა არ გინდათ, მაშინ თავად უნდა შეამოწმოთ და დააინსტალიროთ განახლებები თვეში ერთხელ მაინც.

განახლებების უმეტესობა არ დაიცავს თქვენს კომპიუტერს მანამ, სანამ არ გადატვირთავთ მას. ასე რომ, გადატვირთეთ თქვენი მოწყობილობა, როგორც კი მოგეთხოვებათ ამის გაკეთება განახლებების დაინსტალირების შემდეგ.

მიჰყევით ამ სახელმძღვანელოს Windows 10-ის განახლებების ავტომატურ რეჟიმზე გადასაყვანად, სხვა აპლიკაციების განახლებების შესამოწმებლად, და Microsoft Store-იდან განახლებების ავტომატურად გადმოსაწერად.

4. გამოიყენეთ სანდო ანტივირუსული პროგრამა

ანტივირუსი “არ აცდის” მავნე პროგრამებს დააინფიცირონ თქვენი კომპიუტერი. თუ კომპიუტერი უკვე დაინფიცირებულია, ანტივირუსი აღმოაჩენს მავნე პროგრამებს და წაშლის მათ თქვენი კომპიუტერიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის ჩართული გქონდეთ სანდო ანტივირუსული პროგრამა. თქვენ უნდა გაუშვათ თქვენი კომპიუტერის სრული სკანირება თვეში ერთხელ მაინც.

სამწუხაროდ, ბაზარზე არსებული უფასო ანტივირუსების უმეტესობა ცუდად იცავს თქვენს კომპიუტერს. გამონაკლისია Microsoft Defender-ი, რომელიც მოყვება Microsoft Windows-ის ოპერაციულ სისტემას. როდესაც კონფიგურაცია სწორად გაქვთ დაყენებული, Microsoft Defender-ი სჯობნის ბევრ ცნობილ ანტივირუსულ პლატფორმას.

მავნე პროგრამული უზრუნველყოფა სწრაფად ვითარდება. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი ანტივირუსი განახლებულია და ვირუსების ნუსხაც ავტომატურად ნახლდება .

5. დაიცავით თქვენი კომპიუტერი პაროლით და დააყენეთ ეკრანის დამბლოკავი

ხომ არ გინდათ, რომ ვინმემ დაათვალიეროს თქვენი ფაილები, დააინსტალიროს ჯაშუშური პროგრამები ან შეცვალოს უსაფრთხოების პარამეტრები თქვენს კომპიუტერზე, როდესაც თქვენ არ ხართ ახლომახლო? დაიცავით თქვენი კომპიუტერი ძლიერი პაროლით. დართეთ ნება კომპიუტერს, ავტომატურად დაბლოკოს თქვენი ეკრანი უმოქმედობის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ.

მიჰყევით ამ სახელმძღვანელოს Windows 10-მოწყობილობაზე პაროლის დასაყენებლად ან შესაცვლელად.

ასევე, დარწმუნდით, რომ გახსოვთ, როგორ დაბლოკოთ ეკრანი თქვენს მოწყობილობაზე ხელით და არ დაგავიწყდეთ ამის გაკეთება ყოველ ჯერზე, როდესაც შორდებით მოწყობილობას.

Illustration showing the keyboard shortcuts to lock your computer on Windows and Mac

6. გამოიყენეთ მომხმარებლის ანგარიში შეზღუდული პრივილეგიებით ყოველდღიური ამოცანებისთვის

თუ თქვენ ფლობთ კომპიუტერს, სავარაუდოდ იყენებთ მას ადმინისტრატორის ანგარიშის მეშვეობით. ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს კარგი იდეა. თუ დააინსტალირებთ მავნე პროგრამით ინფიცირებულ აპლიკაციას, გახსნით ინფიცირებულ დანართს, ან დააწკაპუნებთ არასწორ ბმულზე ადმინისტრატორის ანგარიშის გამოყენებისას, ამას შეიძლება ჰქონდეს მძიმე შედეგები თქვენი მოწყობილობისათვის, ან მასზე არსებული მონაცემებისთვის.

ამიტომ კარგი იქნება შექმნათ ცალკე მომხმარებლის ანგარიში შეზღუდული პრივილეგიებით და გამოიყენოთ ის ყოველდღიური ამოცანებისთვის. ყოველთვის შეგიძლიათ შეხვიდეთ ადმინისტრატორის ანგარიშში სპეციალური ამოცანების შესასრულებლად, მაგალითად პროგრამული უზრუნველყოფის დასაინსტალირებლად. სხვადასხვა ანგარიშების შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი კომპიუტერს თქვენს გარდა სხვებიც იყენებენ.

7. დაიცავით თქვენი კომპიუტერი ფიზიკურად

თითქოს თავისთავად ცხადიცაა, მაგრამ ასევე უნდა დაიცვათ თქვენი კომპიუტერი დაკარგვისგან, ან ქურდობისგან. ეს იმაზე ბევრად ხშირად ხდება, ვიდრე უმეტესობას წარმოუდგენია. არასოდეს არ დატოვოთ თქვენი მოწყობილობა უყურადღებოდ იქ, სადაც ის შეიძლება მოიპარონ. იფიქრეთ თქვენი კომპიუტერის სახლში დატოვებაზე, როდესაც მოგზაურობთ ან მიდიხართ იქ, სადაც შეიძლება მოგთხოვონ ციფრული მოწყობილობების დატოვება. მაგალითად, აეროპორტებში, სამთავრობო დაწესებულებებში და საელჩოებში. თუ ხშირად იყენებთ ლეპტოპს ნახევრად საჯარო ადგილას, მაგალითად, სკოლაში, ქოვორქინგ სივრცეში, ან კაფეში, დაფიქრდით უსაფრთხოების კაბელის შეძენაზე.