როგორ შევქმნათ ძლიერი პაროლები

Illustration of a man with strong arms lifting up a big key.

ჩვენი პირადი და პროფესიული ცხოვრება სულ უფრო მეტად ტრიალებს ონლაინ-ანგარიშების გარშემო. ელ. ფოსტა, სოციალური მედია, ფაილების გაზიარება, შეტყობინებების გაგზავნა, ვიდეოს ყურება, ბანკინგი, შოპინგი, მონაცემების სარეზერვო კოპირება – ყველა ამ სერვისისთვის ანგარიშის ქონაა საჭირო. შედეგად, გიწევთ ათობით სხვადასხვა ანგარიშის დამახსოვრება და დაცვა.

პაროლები არის თქვენი დაცვის პირველი ხაზი ყველასგან, ვისაც სურს: თქვენი ანგარიშების მოპარვა, თვალთვალი, თქვენი მონაცემების, თუ დოკუმენტების გამოყენება, ან უბრალოდ თქვენს ანგარიშში შეღწევა.

თქვენ გჭირდებათ ძლიერი პაროლები

ანგარიშების დასაცავად ყველა პაროლი თანაბრად კარგი არ არის. ასობით მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში კვლავ იყენებს პაროლებს, რომელთა გამოცნობა ან გატეხვა ძალიან ადვილია. გავიდა ის დრო, როდესაც პაროლებს გატეხვა მხოლოდ ზეჭკვიან ჰაკერებს შეეძლოთ. ამისთვის კი მრავალწლიანი გამოცდილება, უნიკალური უნარები და ხელსაწყოები იყო საჭირო. დღეს პაროლების უმეტესობა ტყდება ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. იგი არჩევს ცნობილი სიტყვებისა და სიმბოლოების სხვადასხვა კომბინაციებს მანამ, სანამ არ იპოვის სწორ შესატყვისობას. პაროლის გატეხვის ეს მეთოდი ითარგმნება როგორც უხეში ძალის შეტევა. (Brute force attack)

ასე რომ, იმისათვის, ანგარიშებისა და მათში არსებული ინფორმაციის დასაწავად, თქვენ გჭირდებათ ძლიერი პაროლები. ანუ მათი გატეხვა ძალიან რთული უნდა იყოს. ანუ მარტივად – უხეში ძალის ინსტრუმენტებს მათ გასატეხად ძალიან დიდი დრო უნდა სჭირდებოდეთ. იმდენად დიდი, რომ ბოროტმოქმედი უბრალოდ ხელს ჩაიქნევს.

შექმენით რთულად გასატეხი პაროლი

  • თქვენი პაროლი იყოს გრძელი
    ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოიყენეთ მინიმუმ 12 სიმბოლო ან უფრო მეტი, თუ ეს შესაძლებელია.
  • გამოიყენეთ სიმბოლოები შერეულად
    რაც უფრო მეტ “დიდ” და “პატარა” ასოს, რიცხვსა და სიმბოლოს გამოიყენებთ, მით უფრო რთული იქნება თქვენი პაროლის გატეხვა. შემთხვევითი სიმბოლოებისგან შემდგარი პაროლები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სიტყვების შემცველი პაროლები. ასე რომ, პაროლი iLoVeYOu56&# უფრო ძლიერია, ვიდრე iloveyou9!, მაგრამ ბევრად უფრო უსაფრთხო ვარიანტი იქნება iL3*Ov50&0Ey6824(2uO.
  • არ გამოიყენოთ კლავიატურის დასამახსოვრებელი კომბინაციები ან აშკარა სიტყვები
    ისეთი პაროლები, როგორიცაა qwerty, 12345678, password123 და myemailpass ყველაზე მარტივი გასატეხია.
  • მოერიდეთ სიმბოლოების აშკარა ჩანაცვლებებს
    მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლოების ჩანაცვლება პაროლებს აძლიერებს, ერიდეთ მბოლოების ყველაზე აშკარა ჩანაცვლებებს. D00RB3LL – არის მცირედი გაუმჯობესება DOORBELL -თან შედარებით, მაგრამ მისი გატეხვა მაინც ძალიან ადვილია. ამის ნაცვლად გამოიყენეთ შემთხვევითი სიმბოლოები.
  • არ გამოიყენოთ პირადი ინფორმაცია
    თუ საფრთხეში ხართ და ვიღაცას თქვენი ანგარიშის გატეხვა უნდა, მაშინ ჰაკერი პაროლის გამოცნობისას აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თქვენს შესახებ გააჩნია. ის შეიძლება მოიცავდეს თქვენი ძაღლის სახელს, ქალაქს, სადაც დაიბადეთ, სპორტულ გუნდს, რომელსაც გულშემატკივრობთ, თქვენი შვილის სახელს, დაბადების თარიღს და ა. შ.
  • არ გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლები
    იდეალურ შემთხვევაში, ყველა თქვენს ანგარიშსა და მოწყობილობას უნდა ჰქონდეს საკუთარი უნიკალური პაროლი. თუ ვინმე მოგპარავთ ან გაგიტეხავთ ერთ-ერთი ანგარიშის პაროლს, ის აგრეთვე შეეცდება გატეხოს თქვენი ყველა სხვა ანგარიშიც. ბოროტმოქმედი ეცდება “მოარგოს” მათ მოპარული პაროლი და მისი სხვადასხვა ვარიაცია.

ახლა შეიძლება ფიქრობდეთ, თითოეული ანგარიშისთვის ნამდვილად ძლიერი პაროლის ქონა ნამეტანი რთულიაო. როგორ დაიმახსოვრებთ ყველა ამ პაროლს? სინამდვილეში, მხოლოდ ერთი ძლიერი პაროლი უნდა დაიმახსოვროთ. დანარჩენს თქვენს მაგიერ პაროლების მენეჯერი გააკეთებს.